საზოგადოება
ჯონ ბასის ჰოსპიტალიზება გულის შეტევის გამო

JohnBassროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გულის შეტევით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სერიოზული მკურნალობის კურსს გადის. წყაროს ინფორმაციით, ბასის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისმა სატელეფონო საუბარმა გამოიწვია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომიტინგეთა დარბევის თემაზე შედგა. როგორც წყარო ამტკიცებს, საუბარს კამათიც კი მოჰყვა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად საქინფორმი საქართველოში ამერიკის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც კატეგორიულად უარყვეს ის ფაქტი, რომ ელჩს გულის შეტევა დაემართა. რაც შეეხება მისი ჰოსპიტალიზების ფაქტს, საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, უწყება თანამშრომლებთან დაკავშირებით მსგავს პირადულ საკითხებზე ინფორმაციას არ გასცემს.

„აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, – დასძინა საქინფორმთან საუბრისას საელჩოს წარმომადგენელმა შალვა ბიბილაშვილმა.