პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა 2007 წელს გამოუცხადა ლუკაშენკოს, პატარკაციშვილი არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. პუტინმა 2007 გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ პატარკაციშვილი არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული დიდი გამოსვლები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის განმარტებით, პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2007 წლის შემოდგომაზე ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროსგან მათ მიიღეს გაფრთხილება.

„რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად 7 ნოემბრის კადრებს, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას. გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ 20 ივნისის დაზარლებულთა რაოდენობა 7 ნოემბერს. ეს ერთი, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით, მაგრამ მინდა, ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატო-სკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის არკადი პატარკაციშვილიო, ოლმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ჩემთან ჩამოსვლა უნდა და ითხოვს ნებართვას, რომ მე შემხვდესო. მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენითქო, მაგრამ არაფერი სარფიანი მაგ საქმეებიდან არ გამოვათქო. ნუ არ მიიღო. პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და შემდეგ მიყვება ლუკაშენკო. დამირეკა პუტინმაო და მითხრა „Ребята тут подъедут и будут говорить с Патаркацишвили, тебе не обязательно с ним видитья“.

„ეფესბეს“ სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი და პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდა, ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. ამ დროს არის პუტინის ეს ამბავი. ამასთან, საქართველოს სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს შემოდგომაზე, დაახლოებით 2007 წლის ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ჩამოსულები იყვნენ ერევანში კანონიერი ქურდები, უსოიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომლის ფუნქცია იყო არეულობების ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში. ეს არის „ეფბიაის“ გაფრთხილება და წერილი. 2007 წლის ოქტომბერში თბლისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი, რამდენიმე მნიშვნელოვანი საგარეო მინისტრი, ამერიკის ელჩი ნატო-ში და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

ამ კონფერენციაზე, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე, პრაქტიკულად გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებებით, რომ რა მაგარი ქვეყანაა, წავიდნენ თუ არ ვცდები 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა, დემონსტრაცია თბილისში. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები, რამდენიმე ათეული ათასი პლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე, ინფლაცია მაგ დროისთვის იყო არა ისეთი, რგორც ახლა, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალი. მართალია, ეკონომიკური განვითარება იყო ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ახლა, მაგრამ ინფლაციაც მაღალი იყო და ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი, ვიღაცა გაღარიბდა. ამიტომ ხალხს ჰქონდა ობიექტური საშუალება, ობიექტური შესაძლებლობა, რომ ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული. ამიტომ მართლაც იყო დიდი მიტინგი, ჩვენ ეს მივიღეთ, როგორც სიგნალი, მე ეს მივიღე დიდი სიგნალი, ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წამოთქვა სიტყვა, ყველაფერი ნათელი იყო, რისთვის და როგორ ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა პატარა საპროტესტო აქციები და 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ იქ რაღაცა პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას იმასთან, მერე გადაიზარდა იმაში, ჩვეულერბივი საპოლიციო… დახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს ვიღაც დემონსტანტებს და ვიღაც დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მას არანაირი ინსტრუქცია არავისთვის არ მიუცია და პოლიცია ასრულებდა მოვალეობას, როგორ მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდათ.

„ამ სცენარზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ამას ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, არანაირი ინსტრუქციები არავისთვის არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთანაც მე სახლში მივედი. ასეთი რაღაცები ხდება ძლიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ. რატომ გავაკეთე ეს? იმის გამო, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები, ამ მიტინგის და გამოსვლების გამო, არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატო-ში ინტეგრაცია.

მერე პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია თებერვალში და მითხრა, ყოჩაღ, რა მაგარი რაღაცა გააკეთე. სადილზეც დამპატიჟა და მითხრა, რომ შენ რაც გააკეთე, რომ გადადექი, სწორედ ამიტომ ხარ აქ და ამიტომ გიჭერთ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ გვედავებიან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.