პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით არარელევანტური იქნება, თუმცა როგორც მთავრობის წევრი, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველო აღიარებს შეკრების თავისუფლებას.
„ეს არის სახელმწიფოს მიერ დანერგილი ღირებულების პრინციპი, რომელსაც ქვეყანამ პატივი უნდა სცეს და ამაში არაორდინარული არაფერია. არა თუ არაორდინარული არაფერი ხდება, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ამას სათანადო ხელშეწყობა აქვს, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა კალანდაძემ.რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებას თბილისში მიმდინარე პროცესებზე, კალანდაძის თქმით, ამ დრომდე არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა და საქართველოს საგარეო უწყებას ამ საკითხზე საერთაშორისო წარმომადგენლობიდან არავინ დაკავშირებია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს.