საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფვიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 30-1-ლი ნოემბრისთვის დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ რეგიონში სიტუაციას საქართველოსა და უკრაინასთან. ისინი არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ. ნატო მათ მხარს უჭერს როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რიგაში მომავალი კვირის დასაწყისისთვის დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეფორმების საკითხი.
„მოუთმენლად ველოდები მომავალ კვირას რიგაში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას. ორივე ქვეყანა არის ნატო-ს ღირებული პარტნიორი. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვმუშაობთ და ვაფართოებთ თანამშრომლობას. მივესალმებით უკრაინისა და საქართველოს წვლილს ნატო-ში. ასევე გვჯერა, რომ ნატო მხარს უჭერს ორივე ქვეყანას. ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონში სიტუაციას, საქართველოც და უკრაინაც შავი ზღვისპირა ქვეყნები არიან. ჩვენ ვიხილეთ გაზრდილი დაძაბულობა, ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ორ ძირითად პარტნიორთან ერთად შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის განხილვა და მასზე რეაგირება არის ძალიან დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ჩვენ ასევე ყურადღებას გავამახვილებთ რეფორმების ძალისხმევებზე. ვფიქრობ, ორივე ასპირანტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, დარჩნენ ფოკუსირებული რეფორმებზე, ჩაატარონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და განახორციელონ თავდაცვის, უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის ეხმარება საქართველოს ნატო-სთან და ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში. ასევე ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს რეფორმები თავისთავად ღირებულია, ისინი საქართველოსა და უკრაინას უფრო ძლიერ და მედეგ ქვეყნებად აქცევს. როდესაც ვხედავთ რუსეთის ქმედებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი, ძლიერი საზოგადოებების ყოლა, რომლებსაც აყალიბებს მტკიცედ გატარებული რეფორმები. ასევე ეს არის გზა უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე.
„რუსეთმა უნდა აჩვენოს გამჭვირვალობა, შეამციროს დაძაბულობა და მოახდინოს დეესკალაცია. ნატო-ს მიდგომა რუსეთისადმი უცვლელი რჩება. ჩვენ ვინარჩუნებთ ძლიერ თავდაცვას და შეკავებას, ამავე დროს, ღია ვრჩებით დიალოგისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.