პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიტიკური კრიზისი აქვს არა ქვეყანას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური კრიზისი და უნდა იზრუნონ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ სააკაშვილის აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა.

„ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში, რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ. აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და სასჯელი უნდა მოიხადოს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.