აქტუალური
ჰარცელმა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე და არგუმენტად მოიშველია ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით დაიდო, მათ შორის გულისხმობდა სასამართლო რეფორმის გატარებას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისგან, სანამ რეფორმა არ გატარდება.

„როგორც ვიცით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ OSCE/ODIHR–ის შეფასება მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით ამ პოზიციაზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, სანამ რამე ნაბიჯი გადაიდგმება, პროცედურის გადახედვაა საჭირო.

ჰარცელმა აღნიშნა, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი არ შეესატყვისება არც 19 აპრილის შეთანხმებას, არც ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობებს. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის პირობების შეუსრულებლობის გამო საქართველომ მაკროფინანსური დახმარების 75 მლნ ევრო დაკარგა 2021 წლის სექტემბერში.

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში მიიწვიეს, რათა მან მოსმენებს მიადევნოს თვალი, მაგრამ ჰარცელმა უარი განაცხადა.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2019 წლამდე საქართველოში არასდროს ყოფილა მოსამართლეების დანიშვნის ისეთი გამჭვირვალე ფორმა, როგორიც ახლაა. ეს პროცესი უპრეცედენტოა – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და რეფორმა გაატარა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ.