საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ - ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია იდენტიფიცირება, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს, ასევე რამდენიმე დღეში პრემიერის დავალებით სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სადაც აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს გამართავენ.
„მთავარი გამოწვევები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე განვიხილე ეკონომიკურ გუნდთან, ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე არსებობს ევროპის წარმატებულ ქვეყნებში. ეს ე.წ Public work, საზოგადოებრივი საქმიანობა, შრომა, არის უკვე აპრობირებული, დატესტილი, გამოცდილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ აქედან წამოვიღეთ ეს ინიციატივა. ვუყურებთ რა არსებულ სისტემას, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს უნდა შეიცვალოს. დღეს დაალოებით 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ ასე გაგრძელდა. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ამ სისტემას. როდესაც აღარ ვიყავი პოლიტიკაში და ვაკვირდებოდი ამ სიტუაციას, ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და რატომ - 600 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი - 300 000 არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ - ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად, იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს. რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ მუშა ხელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშა ხელს ვეღარ შოულობენ. მიზეზი არის ძალიან მარტივი - ყველას ეშინია, რომ თუ ჩაერიცხა რაღაც შემოსავალი, მოუხსნიან დახმარებას და არ უღირს მას ერთჯერადი, ორჯერადი, ან თუნდაც სეზონური სამუშაოს ნაცვლად მათთვის ამ დიდი სიკეთის დაკარგვა. ამ არჩევანის წინაშე რომ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობის და უპერსპექტივობის, არამედ, იმედის და უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ, მუდმივი საქმიანობა.
ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს. ასევე რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს. მოხდება სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება. მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გმოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს.
ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, რა სამსახურს ეძებს? დაახლოებით იგივე სამსახურს - იქნება ეს მძღოლი, მშენებლობაზე დასაქმება, რესტორნებში მიმტანებად და ა. შ. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა მას დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და მას სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.