საზოგადოება
მორიგი ბლეფი ქართველი ხალხისათვის – ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“ კანის ფესტივალის პროგრამაში არ არის!

film---Copyსაქართველოში ყველამ იცის რენი ჰარლინის ფილმის – „აგვისტოს ხუთი დღე“ – შესახებ, სადაც მთავარი – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის – როლი ამერიკელმა მსახიობმა ენდი გარსიამ შეასრულა. ფილმის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა და ერთად რომ შეაგროვო ენდის აქ ყოფნის, მისი მიშასთან შეხვედრის ამსახველი ყველა ტელესიუჟეტი – რათა უკეთ ჩასწვდე პრეზიდენტის ფსიქიკას და ღრმად შეხვიდე გმირის როლში! – კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვა.

და აი გასაოცარი ფენომენი: 2008 წლის აგვისტოს შესახებ გადაღებული ფილმის ბედი მართლაც ძალიან დაემსგავსა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისას, რომლისთვისაც უცხო არაა, რბილად რომ ვთქვათ, ფანტაზიორობა, უფრო მარტივად კი – ცრუპენტელობა...

საქმე ისაა, რომ ყველა მთავარმა (იგულისხმე – სამთავრობო) ქართულმა ტელეარხმა ბოლო ხანს ყურები გამოუჭედა ობივატელს, რომ ფილმმა – „აგვისტოს ხუთი დღე“ – მაღალი შეფასება დაიმსახურა, კერძოდ, კანის ფესტივალზე. ტელემედიის გარდა, ეს ზოგიერთმა ელექტრონულმა მედიამაც დაადასტურა.

ასე მაგალითად, 2011 წლის 13 მაისს საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის www.apsny.ge საიტზე ვკითხულობთ: „აგვისტოს ხუთმა დღემ“ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა კინოფესტივალებზე. რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი ქართული კინოთეატრების ეკრანებზე 5 ივნისიდან გამოვა და თბილისურ პრემიერაზე თავად რენი ჰარლინი ჩამოვა, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ფილმის ქართველმა პროდიუსერმა ნიკა ავალიანმა. მისივე მონაცემებით, ფილმს უაღრესად კარგი გამოხმაურებები მოჰყვა ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა კინოფესტივალზე. „აგვისტოს ხუთი დღე“ უჩვენეს როგორც ვენეციის, ისე კანის კინოფესტივალებზე. ფილმმა მონაწილეობა მიიღო ევროპის კინობაზრობაშიც. ლოს-ანჯელესში კინოკრიტიკოსებმა ფილმი „სამხედრო დრამად“ შეაფასეს, – განაცხადა ავალიანმა“ (http://apsny.ge/2011/pol/1305330075.php).

2011 წლის 20 მაისს იმავეს ამტკიცებს საინფორმაციო სააგენტოც www.pirweli.com.ge: „კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს რენი ჰარლინის ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფილმის – „აგვისტოს ხუთი დღე“ – პრემიერა კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. პრემიერას ესწრებოდნენ ცნობილი კინოკრიტიკოსები, რეჟისორები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. „ეს ისტორია იმსახურებდა იმას, რომ მის შესახებ მსოფლიოსთვის მოეთხროთ“, – წარმოადგინა ფილმი რენი ჰარლინმა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება, რომელსაც 600-მდე კაცი ესწრებოდა. ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი მასალები წარმოადგინეს. „აგვისტოს ხუთ დღეს“ 50 ქვეყანაში უჩვენებენ. საპრემიერო ჩვენებები გაიმართება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. თბილისში ფილმის პრემიერა 5 ივნისს შედგება. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშრებით საქართველოში ჩამოვა მთავარი როლის შემსრულებელი ენდი გარსია“. (http://pirweli.com.ge/rus/index.php?option=com_content&task=view&aid=44758&Itemid=1).

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მკითხველს სთავაზობს კანის კინოფესტივალის ოფიციალური საიტის ბმულს ( http://www.festival-cannes.fr/ru/archives/2011/allSelections.html), სადაც რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმი არც კი მოიხსენიება!

ამის შემდეგ, ალბათ აღარავის შეეპარება ეჭვი, რომ ამქვეყნად შემთხვევითობებს ადგილი არ აქვს: ერთი ტყუილი მეორეს შობს – ყალბი ფილმი თავისი არსებობის პირველი დღიდან მისი შემკვეთებისთვის, გამპიარებლებისა და მთავარი გმირისთვის დამახასიათებელი სიცრუითაა გარემოცული!

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“