აქტუალური
ჰუბერტ ქნირში გამოცემა „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოცემა „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს. როგორც ელჩი აცხადებს, ყველას თავისუფლად შეუძლია, გამოთქვას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე, თუმცა აღნიშნული სტატია არანაირად არ იმოქმედებს მის თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“, – აღნიშნულია ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში სათაურით – „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ“, აღნიშნულია, რომ ქნირში „მიიჩნევა პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად, მისი მეუღლე კი „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს“. სტატიის ავტორის რესპონდენტებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრი გიორგი ონიანი.