საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი გზა არსებობს. ამის შესახებ გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „საშინაო და საგარეო ზეწოლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მთავარი პირობა“.
„სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი გზა არსებობს, 5-6 მარტო სამართლებრივი, მათ შორის რამდენიმე ერთწუთიანი, როგორიც არის შეწყალება, ამნისტიის მიღება პარლამენტის მიერ, სტრასბურგი, უკრაინის ფაქტორის გამოყენება, მიხეილ სააკაშვილის ამერიკის ადმინისტრაციისადმი მიმართვის ნაწილი, სადაც ის ითხოვს თავისუფალ და სამართლიან სასამართლოს უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. უამრავი გზა არის, ოღონდ მოინდომოს ხელისუფლებამ. თუ არ მოინდომებს, მოვანდომებთ. მოვანდომებთ ამ საპროტესტო აქციებით და მოანდომებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვინაიდან არის საგარეო ზეწოლა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. საშინაო და საგარეო ზეწოლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მთავარი პირობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.