საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ღარიბაშვილის განცხადებების სახით ჩვენ პირდაპირ მტკიცებულება გვაქვს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად. მისი თქმით, ვიზუალურად ეს ძალიან მარტივად აღიქმება და ის უკეთეს მდგომარეობას ელოდა.
„ნორმალურ ქვეყანაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა იმყოფება. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანის გათავისუფლებაც კი ხდება, როდესაც ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. წამება და არაადამიანური მოპყრობა მის ჯანმრთელობასა და მორალურ მხარეზე უკვალოდ ვერ ჩაივლის.
ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავისუფლებაზე მოხდეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა და თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. ყველა განაჩენი, რომელიც მის მიმართ არსებობს არის პოლიტიკურად მოტივირებული და აქ რაღაც ვარაუდებზე არ ვსაუბრობ. როდესაც ფორმალურად, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა და დაჭერა მოხდა იმიტომ, რომ მან თავი არ დაანება პოლიტიკას. ამაზე მაღალი სახის მტკიცებულება არ არსებობს. ეს ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მოტივაციით დევნილი ადამიანი.
სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე საქართველო, როგორც სახელმწიფო და ააშენა ამ ქვეყანაში ინსტიტუციები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.