სამართალი
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, სოხუმსა და ცხინვალსა სტუმრობდნენ

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან – ტოივო კლაარი და ანიკა სოდერი, ასევე გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ, 7-8 დეკემბერს დაგეგმილი 55-ე რაუნდის მოსამზადებლად თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ.

15 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა, ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა მოსკოვსა და სოხუმს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ პროგრამასა და კრემლსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ბოლო პერიოდში დადებულ სხვა შეთანხმებებზე, რომელთა მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სხვადასხვა სისტემაში ინტეგრაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები, ასევე საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მიზნით, განხორციელებული სამუშაოები.

ამავე ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს და დასვა საკითხი ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ გაუსვა ხაზი დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს.

„მწვავედ დაისვა ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

16 ნოემბერს თანათავმჯდომარეები სოხუმში აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს“, ირაკლი ტუჟბას შეხვდნენ. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ტუჟბამ შეშფოთება გამოხატა აშშ-ისა და ნატოს დახმარებით საქართველოს სამხედრო ძალების მოდერნიზაციის, ასევე ალიანსთან სამხედრო წვრთნების ჩატარებისა და შავ ზღვაზე აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფნის გამო.

ტუჟბამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისთან ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის საჭიროებას და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომდევნო რაუნდზე ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის სამედიცინო დახმარების და გადაადგილების თავისუფლების საკითხები განიხილოს.

19 ნოემბერს თანათავმჯდომარეები ცხინვალს სტუმრობდნენ, სადაც რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მრჩეველს, კონსტანტინ კოჩიევს შეხვდნენ. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კოჩიევმა განაცხადა, რომ მოახლოებულ რაუნდზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დააყენებს სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს საკითხს და თბილისთან ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერისკენაც მოუწოდებს.