პუბლიკაციები
რა საიდუმლო საქმე დევს ტარას შევჩენკოს ნაციონალურ უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილზე

 „საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, რომ იცოდეს მისი პრეზიდენტის ბიოგრაფია მთლიანად და შელამაზების გარეშე. მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა „კა გე ბე“-სთან, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე, რომ 1980-იან წლებში, საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და „კა გე ბე“-ს ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. არადა, ეს ინფორმაცია ჟონავს. მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის სრული ბიოგრაფია და ახლა, როცა მისი მომხრეები, აქეთ სხვებს ადანაშაულებენ ათას რამეში, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს – ამ ბიოგრაფიის კაცს რამდენად შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკაში საქართველოში. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მათ შორის, 2008 წელს, მიშას მიერ საქართველოს მეხუთედის ჩუქებას რუსეთისთვის. ეს ახსნა მის ბიოგრაფიაშია“, – ეს სიტყვები 2013 წლის მაისში, სოციალურ ქსელში, მწერალმა და უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ დაწერა.

ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია, თუმცა ძალაუფლება, შეიძლება ითქვას, აღარ აქვს, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებას უკვე „ოცნება“ აკონტოლებს. ამიტომ, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ კაკაბაძემ მიშას ბრალდება „ნაურაზე“ წაუყენა, თუმცა იგივეს ვერ იტყვიან ჟურნალისტ ბონდო ქურდაძეზე, რომელმაც ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი, 2012 წლის სექტემბერში, შემდეგი ინფორმაცია ქვეყნდება:

„სააკაშვილი КГБ-დან იწყება?! ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გთავაზობთ ფაქტებს, რომელთა გაანალიზების შემდეგ, დასკვნა თავადვე შეგიძლიათ გააკეთოთ და ერთ საინტერესო ისტორიაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს დამთავრებული აქვს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (კომუნისტური მმართველობისას, ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც КГБ-ს „საბაზისო მიმართულების სასწავლებელი“ და ცხადია, მისი სტუდენტობისდროინდელი პირადი საქმე ამავე უნივერსიტეტში ინახება).

ვინაიდან ქვეყნის პრეზიდენტი საჯარო პირია, წესით და რიგით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიას. ალბათ, სწორედ ამ მოტივით, გაზეთ „შანსის“ რედაქტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ, 2010 წლის აპრილში, თხოვნით მიმართა ხსენებული უნივერსიტეტის რექტორს, მიეცათ მისთვის საშუალება, გასცნობოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის ქსეროასლებს.

ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის რექტორის პასუხი ასეთი იყო: საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციებს და სააკაშვილის ნებართვის გარეშე არ გაიცემაო (?!). ბონდო ქურდაძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. დღეს ის, ოჯახთან ერთად, ლევილში ცხოვრობს და მინიჭებული აქვს პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი“.

წყარო: versia.ge