პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ელენე ხოშტარია მოინახულეს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულეს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს, როგორც პატიმრის, ასევე ნებისმიერი მოშიმშილის მკურნალობაზე.

„პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებს სააკაშვილი, არის სააკაშვილზე, ისევე, როგორც შიმშილობის დროს პასუხისმგებლობა არის მოშიმშილეზე. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს როგორც პატიმრის, ასევე ნებისმიერი მოშიმშილის მკურნალობაზე, მის რეაბილიტაციაზე, შიმშილობის შემდგომ პერიოდში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ეს პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან არ გავმიჯნეთ, ერთმანეთსაც და საზოგადოებასაც შევიყვანთ შეცდომაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას მიმართ მათი თხოვნაა, შეწყვიტოს შიმშილობა.

„მოვინახულეთ ელენე ხოშტარია, გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნა მის მიმართ არის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ელენე ხოშტარია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 15 დღეა, შიმშილობს.