საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ შეუშვა.
უკრაინის სახალხო დამცველმა თქვა, რომ იგი იუსტიციის სამინისტროსგან უარის ოფიციალურ პასუხს ელოდება, პარალელურად კი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაწესებულების ხელმძღვანელთან ან მთავარ ექიმთან შეხვედრას ეცდება. ექსპრეზიდენტი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს.
უკრაინის სახალხო დამცველი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. დენისოვას თქმით, მან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, სადაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ციხის საავადმყოფოში არსებულ არადამაკმაყოფილებელ პირობებს უჩივის.
ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის საელჩომ საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შეშვების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
ლუდმილა დენისოვა საქართველოში პირველად 27 ოქტომბერს ჩამოვიდა და ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.
შეხვედრის შემდეგ, დენისოვამ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ნაცვლად, სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებისკენ მოუწოდა. მანვე ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაძლო დარღვევაზეც მიუთითა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა „საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული“. „არ არის ამის აუცილებლობა“, – ხაზი გაუსვა მანვე.
მინისტრმა ბრეგაძემ უარის კიდევ ერთ მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მაქსიმალურად“ დაცვა დაასახელა.
მანვე უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან პირველი ვიზიტის შემდეგ, „ცალმხრივ“ შეფასებებშიც დაადანაშაულა. „კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არცერთი, იმის შესახებ შეესაბამებოდა, თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რაც მას მიაწოდეს“, – ხაზი გაუსვა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს „შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას“.