საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში უძრავი ქონების შეძენის უფლება ექნებათ.
ტყვარჩელში 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძების უფლება „ეკონომიკური ასპექტია“ და „ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკური უფლებების შეძენასა და მოქალაქეობასთან“.
„ჩვენ აქ გვჭირდება ადამიანები, გვჭირდება სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ, რომლებიც ჩამოვლენ და წავლენ, ადამიანები, რომლებზეც ჩვენი მწარმოებლები იმუშავებენ, რომელთა გულისთვისაც ისინი პროდუქციას შექმნიან“, – განაცხადა მან.
უცხოელებს ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა ეკრძალებათ. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია აფხაზეთში მწვავე დაპირისპირების საგანს წარმოადგენს. აფხაზთა ნაწილი ფიქრობს და შიშობს, რომ უცხოელებისათვის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებისათვის, უძრავი ქონების შეძენაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებით, ისინი შესაძლოა კვლავაც უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
აღნიშნული თემა რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შემოღების საკითხის გაჭიანურების ახსნის გასაღებიცაა. აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ თუკი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზური „პასპორტების“ მიღება შეეძლებათ, ისინი რეგიონში ქონების შეძენასა და დამკვიდრებასაც შეძლებენ.
ამას გარდა, შეზღუდვის მოხსნა რეგიონში დაბრუნების საშუალებას მისცემს იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც რეგიონიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის კვალად გამოდევნეს და რომლებიც ამჟამად რუსულ პასპორტებს ფლობენ.