სამართალი
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, დაბრუნდება მე-12 დაწესებულებაში

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება.

„ერთადერთი მოთხოვნა, რაც სასამართლოს წინაშე დაყენებული ჰქონდათ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატებს, იყო მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან და სტრასბურგის სასამართლომ მას დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის სეწყვეტისკენ. ეს არის ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებას ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ.

ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომლებიც ვთავაზობდით მას პროტოკოლის მიხედვით, ვუხსნიდით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს მაგალითად, შიმშილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეორე მხარეს შეხედეთ, პირდაპირი ეთერის მეშვეობით რომ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს შიმშილობა, რომ ამ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურდება, რა არის ეს, თუ არა პატიმარზე ძალადობა. როდესმე გაგიგიათ მსგავსი განცხადება ჩვენი მხრიდან ან ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მაინც? არა, ვერც იხილავთ, რადგან ნებისმიერი პატიმარი არის ჩვენი ზრუნვის საგანი.

კარავში შედის ხალხი და ეს ადამიანი გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაშიო, იმას კი არ მოითხოვენ, რომ ამ ადამიანმა შიმშილობა შეწყვიტოს. ამის გამო შიმშილობენ, ამას პირდაპირ ეთერში მოუწოდებენ. მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და იგი დაბრუნდება მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით არ გადაუყვანიათ.

მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადადიოდა სამკურანლო დაწესებულებაში.

„ამას აცხადებს თავად პატიმარი, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ის გამოდის, მიდის თავისი ნებით. და საერთოდ, გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა თავად პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური საჭიროებიდან გამომდინარე. ვისაც მსგავსი კითხვები უჩნდება, კარგად გაეცნოს კანონმდებლობას და მიიღებს ყველა პასუხს. ჩვენ არავის ვატყუებთ. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მოვალეობას ამ ქვეყნისა და კანონის წინაშე. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურანლო დაწესებულებაში. იცოდა, რომ გადადიოდა სამკურნალო დაწესებულებაში და გადაწყვეტილებას, სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამისა, რატი ბრეგაძის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი და ეს კადრები ასევე აჩვენებს, რომ როგორ ცრუობს ერთ-ერთი ადვოკატი.

„კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი, თუ როგორ მოხდა შესახლება. აგრეთვე, სწორედ ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოს რეანომობილი გაჩერდა დაწესებულებიდან 30 მეტრის მოშორებით. ეს კადრები აჩვენებს იმ ფაქტს, რომ პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომელს და როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.