პოლიტიკა
ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსულ გადაცემაში საქართველოს დროშის შეურაცხყოფის ფაქტი

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართვლოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ქრისტინა მარტი ლანგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აღნიშნულ რეგიონებში.

„დავით ზალკალიანმა გამოხატა მადლიერება შვეიცარიის მხარის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აღნიშნულ რეგიონებში. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან დასვა ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შეწყვეტის, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების გახსნისა და ტავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციასთან ჩამოყალიბებული მეგობრული და დინამიური ურთიერთობები. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულმ ხარეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში საშუამავლო ფუნქციების შესრულებისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებას.

შვეიცარია 2009 წლიდან წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.