საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. გლდანის ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ პირველ წერილში, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ იგი ციხის ჰოსპიტალში გუშინ „მოტყუებით“ გადაიყვანეს. სააკაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ ჩვეულებრივ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ.
სააკაშვილის თქმით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, „კრიმინალების კორპუსთან“ მიყვანისას, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ექს-პრეზიდენტის თქმით, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“ და აგინა.
ყოფილი პრეზიდენტის გადმოცემით, ამის შემდეგ, „გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში“.
„მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე“, – თქვა სააკაშვილმა და დასძინა: „ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით“.
თავის წერილში სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მოუწონა გადაწყვეტილება, არ გამართონ აქცია გლდანის ციხის წინ. „აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას“, – წერს ექს-პრეზიდენტი.