პუბლიკაციები
უკრაინის სახალხო დამცველი კიევში გიული ალასანიას შეხვდა

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა შეხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, ახალი ოჯახი შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენგრუშოვეცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრა 3 ნოემბერს კიევში გაიმართა.

ლუდმილა დენისოვას თქმით, გიული ალასანია შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს და 20 კილოგრამი დაიკლო. დენისოვას ინფორმაციით, დედა შიშობს, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შესაძლოა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დაუყოვნებლივი რეაგირებისა და სამკურნალო დაწესებულებაში პროფესიონალური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობის მიცემისკენ.

დენისოვა უცხოეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მტკიცედ დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირთა მიერ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვონ სამედიცინო დახმარების უფლების აღდგენა.