საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„თქვენს ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლით დასტურდება შეერთებული შტატების მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავდა ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას, რადგან სწორედ ეს გვეხმარებოდა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ჩვენი საერთო ინტერესების დაცვასა და წინსვლაში. მადლობელი ვარ ამ პარტნიორობისადმი საქართველოს განუხრელი ერთგულებისთვის; ვიზიტის დროს მქონდა პატივი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით მადლიერება გადმომეცა აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ავღანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. რადგან „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ვემზადებით უსაფრთხოების სფეროში, ვიმედოვნებ, თქვენი მხარდაჭერა არ მოაკლდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ინსტიტუციური რეფორმებისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის ძალისხმევის“ განხორციელებისას. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჩართულობით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიძლება არსებით ბერკეტად იქნეს გამოყენებული აღნიშნული ინიციატივის მიზნების რეალიზებისას, რომელზეც დაშენდება საქართველოს ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ლოიდ ოსტინის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.