აქტუალური
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე კოლეგა უწყებების მხრიდან, რაც პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება.

შესაბამისად, ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული აღარ წარმოშობს დამატებით შეკითხვებს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით”, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო - უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობა და ხაზი გაესვა კანონმდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას.