საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ნდობა გაამართლოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან აქცენტი გამახვილდება მხოლოდ საქმეზე.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, გამოცხადებული ნდობისთვის და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი ეს ნდობა გავამართლოთ. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ საქმეზე და ის დაპირება, ის პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა საარჩევნო კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა ვისაუბროთ მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხალხის, ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავამახვილოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.