საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში ჩვენ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში. მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

„ცხრა თვის ეკონომიკურმა ზრდამ 11,3% შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.