პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდგომ განვითარებულ კონკრეტულ პროცესებზე, ასევე, სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს ერიკა ოლსონის პირველი ვიზიტია საქართველოში და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა.

გვქონდა შეხვედრა ერიკა ოლსონთან, რომელიც ახალი დანიშნულია თავის პოზიციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა. ეს იყო პირველი, გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის არჩევნების შემდგომ განვითარებულ კონკრეტულ პროცესებზე. ასევე, გვქონდა საუბარი სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს. ეს იყო ორი ძირითადი თემა, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე შევეხეთ.

ეს არის ერიკა ოლსონის პირველი ვიზიტი რეგიონში. ის ასევე ესტუმრა სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, და მისი ამოცანა იყო იმ ვითარების მიმოხილვა, რომელიც რეგიონშია შექმნილი. აქედან გამომდინარე, თითოეულ ქვეყანაში მას ჰქონდა საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და ასევე, რეგიონში არსებულ საერთო ვითარებაზე. ეს იყო მისი ვიზიტის შინაარსი. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა, და რომ გვქონდეს სხვა დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ეს არის ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.