17:15. ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ბათიაშვილის, გოგი ქავთარაძისა და სხვათა გამოსვლის შემდეგ „კრების“ ორგანიზატორებმა შეკრებილთ მოუწოდეს, დაეტოვებინათ თავისუფლების მოედანი და გადაენაცვლებინათ სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან, რადგან საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხის კუთვნილებაა და მან პირდაპირი რეპორტაჟები უნდა გადასცეს.
ამ განცხადებამ შეკრებილთა შორის გაუგებრობა გამოიწვია, რადგან აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე წუთის წინათ განაცხადეს, რომ გააჟღერებდნენ სამოქმედო გეგმას, რაც არ შესრულდა.
საინფორნაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ახლა უფლება აქვს, განაცხადოს, რომ აქციის დაწყებამდე ორი დღით ადრე რედაქციაში გვესტუმრა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სწორედ მან გვაცნობა, რომ მომიტინგეები დაწყებიდან მალევე ტელევიზიისკენ გადაინაცვლებდა. „ეს იქნება ხელისუფლების მოთხოვნა და ოპოზიციის ლიდერები მას შეასრულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას დაარბევდნენ“.თავისუფლების მოედანზე ხომ რამდენიმე დღეში სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარდეს, დამოუკიდებლობის დღისადმი – 26 მაისისადმი – მიძღვნილი, და უკვე დროა, დაიწყონ სამზადისი სააკაშვილისა და სტუმრებისათვის ტრიბუნების დასამონტაჟებლად, დეკორაციებისა და აპარატურის მოსაწყობად,“ – გაგვიზიარა აზრი სტუმარმა.
როგორც ჩანს, ის მართალი აღმოჩნდა.
ისღა დაგვრჩენია, დავამატოთ, რომ ყველა პლაკატი და დროშაც კი, რომლებიც პოლიციისთვის საეჭვო იყო, რომ მათ გამოიყენებდნენ ხელჯოხებად, მომიტინგეებს ჩამოერთვათ.