საზოგადოება
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში, აქციის დაწყებამდე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: „რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ. ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“.

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავი მიიტანეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილ კარვებში განთავსდა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანამდე აქციას არ შეწყვეტენ.