საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. სუდანის პრო-დემოკრატიულმა ჯგუფებმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაფიცვები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას The guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილობრივი „წინააღმდეგობის კომიტეტები“ და სუდანის პროფესიონალთა ასოციაცია (SPA), რომლებიც 2019 წლის აპრილში, ომარ ალ-ბაშირის დასამხობად მოწყობილ დემონსტრაციებს ხელმძღვანელობდნენ, ამჯერად საპროტესტო კამპანიას აწყობენ, რათა სამხედრო ძალაუფლება შეცვალონ.
დედაქალაქის, ხარტუმის ცენტრში , ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. უსაფრთხოების ძალები კი მთავარ ქუჩებზე ჯოხებით და ცრემლსადენი გაზით პატრულირებდნენ. 25 ოქტომბრის აჯანყების შემდეგ ინტერნეტ სერვისები მოქალაქეებს ხარვეზით მიეწოდებათ. პრობლემაა ასევე სატელეფონო ხაზებთან დაკავშირებითაც.
ცნობისთვის, სუდანში სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება წაართვეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამხედრო გადატრიალებას ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა.
interpressnews.ge