საზოგადოება
საქართველო პოლონეთისგან 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა პოლონეთის მთავრობისგან 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პოლონეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„პოლონეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინა გადმოეცემა. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.

„მოხარული ვარ, რომ პოლონეთმა, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო. იმედი მაქვს მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება“, – განაცხადა საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: – ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer -ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.