საზოგადოება
გიული ალასანია ვლადიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართავს, უზრუნველყოს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართავს, უზრუნველყოს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. ვიდეომიმართვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

„მე ვარ მიშა სააკაშვილის დედა. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ. მინდა, მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. საჭიროა, როგორმე ორგანიზება გაეწიოს მიხეილის აქ, უკრაინაში გადმოყვანას, რათა აქ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამისი მოვლა და როგორმე გადარჩეს.

ის უკვე 35-ე დღეა, შიმშილობს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? მაგრამ ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც სთავაზობენ, ციხის საავადმყოფოა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, საერთოდ არ არის პირობები ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის. მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი, უკრაინელი ხალხის, დეპუტატების. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის“, – აცხადებს გიული ალასანია.