საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილთან დაპირისპირება მქონდა, სისხლის სამართლის საქმეც ჰქონდა აღძრული ჩემს წინააღმდეგ, ის სისტემა ჩემს ქონებასაც მართმევდა, მაგრამ როგორც ქართველი კაცი, ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმსახურებს ზუსტად ისეთივე სამედიცინო მომსახურებას, როგორც დაიმსახურა 600-მა პატიმარმა , - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში ტოტალური სახელმწიფო დასრულდა და ამის მაგალითს წალენჯიხა წარმოადგენს.
„დიახ, მე სხვა პარტიას წარმოვადგენ, ნიკა სხვა პარტიას წარმოადგენს. ვერავინ შეგვაშინებს, „იქ რატომ დგახარ, აქ რატომ დგახარ?“ - მე ვდგავარ იქ, სადაც უსამართლობაა, განურჩევლად, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია. ჩვენი პარტია უნდა იყოს საქართველო, ერთობა, თავისუფლება და გამარჯვება. თქვენ იცით ჩვენი მოთხოვნა, ფრაქცია ბოიკოტშია. მე დავტოვე პარლამენტი და გადავწყვიტე, რომ ასე ვიარო თქვენთან ერთად და ასეთი ბრძოლით, არანაირი რევოლუციით - რევოლუცია ხდება გონებაში, რევოლუცია ხდება ადამიანის ნებაში, რომ შეცვალო ის მდგომარეობა, რომელშიც შენ ჩავარდი. სწორედ ეს რევოლუცია ხდება დღეს, - გონების, სულის და გულის ერთობა ხდება. დამთავრდა ტოტალური სახელმწიფო საქართველოში და წალენჯიხაში დაიწყო ეს ამბავი. დაიწყება ქუთაისში, ბათუმში. ამ სისტემამ არჩევნებზე მიიღო ძალიან დიდი ბზარი და ეს ბზარი გარდაიქმნება იმაში, რომ საქართველო იქნება თავისუფალი“, -განაცხადა მან.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს ისეთივე პირობებს პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორიც სხვა პატიმრებს აქვთ შექმნილი.
„რატომ გავიდა ფრაქცია ბოიკოტში? - მე მიხეილ სააკაშვილთან დიდი დაპირისპირება მქონდა, სისხლის სამართლის საქმეც ჰქონდა აღძრული ჩემს წინააღმდეგ, ის სისტემა ჩემს ქონებასაც მართმევდა, მაგრამ მე, როგორც ქართველი კაცი, ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ვის რანაირი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს მასზე, იმსახურებს ზუსტად ისეთივე სამედიცინო მომსახურებას, როგორც დაიმსახურა 600-მა პატიმარმა. პოლიტიკური ვენდეტა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა მივიღოთ სამართლიანი სასამართლო“, - აღნიშნა ხაზარაძემ.