სამართალი
ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე, სასამართლოში ექვსი პირი გამოიკითხა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექვსი პირი გამოიკითხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს მოძრაობა „თავისუფალი ზონისა“ და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები.

მოწმეების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ საქმის ფიგურანტი პირები ხელისუფლების დამხობის გეგმაზე საუბრობდნენ.

თავისუფალი ზონის წევრი მაია მინდიაშვილი ამბობს, რომ საუბარი შედგა სააკაშვილის ბიბლიოთეკაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და განიხილებოდა, რა სახის ბერკეტები უნდა გამოეყენებინათ, რათა გაეპროტესტებინათ და ხელი შეეშალათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისთვის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო ცენტრში. გამოკითხული პირები აბსურდულად მიიჩნევენ სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. სუს-ის ცნობით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადატანისთვის ხელის შეშლის მიზნით.