პოლიტიკა
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს მიიღებს.

ამასთან, როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.

რაც დღეს ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოებრივი მშვიდობის საკითხი, შესაბამისად, სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა ერთი პროცენტითაც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ აქ, პარლამენტში, ინსტიტუტსა და შენობაში, რომელიც არ არსებობს, რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები. ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა. არ მაინტერესებს, რას იზამს „ქართული ოცნება“. ჩემს ქვეყანაში საშუალებებს და უფლებებს ვიქმნი მე. მე ვარ პარლამენტში და ვიწყებ შიმშილობას. აქ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგას ოთახია და სად, როგორ გადავაადგილდები, ამის ნახვის საშუალება გექნებათ. ამ შიმშილობის განმავლობაში, რომელიც უკვე დაწყებული მაქვს, დილიდან საკვები აღარ მიმიღია, ერთადერთი, რასაც მივიღებ, არის წყალი.

უკიდურესად მშვიდობიანი არის ჩემი პროტესტის ფორმა. არანაირი საფუძველი არ არსებობს მშვიდობიან პროტესტში ჩარევის. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რადგან ყველა შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები არის დიდი და ამაზე საუბრობს ომბუდსმენი. იქ რომ გადავა და ექიმები იტყვიან და თავად იტყვის, რომ მის ჯანრმთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ შეეცდებიან მის გაძევებას პარლამენტიდან, რას მოიმოქმედებს, ხოშტარიამ განაცხადა, რომ ამის უფლება კანონის მიხედვით არ აქვთ.

ფორმალურად მათ ჩემი გაძევების უფლება არ აქვთ, კანონის მიხედვით, მაგრამ მე, მოქმედი პარლამენტარი არა ერთხელ გავუძევებივარ ამ შენობიდან, როდესაც ეს მათ არ აწყობთ. ამიტომ, არც ვიცი და არც მაინტერესებს როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“. მე აქ ვიქნები. საშვი არ მჭირდება, მე მაქვს საბუთი, რომლითაც შემოვედი“, – აღნიშნა ხოშტარიამ.