საზოგადოება
ნიკა მელია: მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი, მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბრძოლა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.

იბადება შეკითხვა, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც არის გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში უკანონოდ. როგორც ჩვენი თანამებრძოლისა და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი უბრალოდ სურვილი, ეს არის ვალდებულება. მე ჩემდათავად აქ, თქვენთან ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენთ, მასაც გავათავისუფლებთ, რადგან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი ამ სახელმწიფოს არ ყავს. მე მესმის ემოციების, მესმის დროის, რომელიც წიკწიკებს. გვინდა, რომ მისი გათავისუფლების აქტი მალე მოხდეს, ვიდრე დროში გაწელილი, მაგრამ მერწმუნეთ, მე პირადად მეგობრებთან ერთად, სხვა უფრო უპირატესი ამოცანა ამ ვითარებაში არ მაქვს. ვალდებული ვარ, ბევრი რაღაც სხვადასხვაგვარად განვსაზღვრო. უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს თქვენთან ერთად. ძალიან გთხოვთ, დაიჯეროთ, მთავარი ამოცანა ვიდრე მიღწეული არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს მოსვენებას არ მივცემთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, რუსთავის ციხესთან დღეს იწყება აურაცხელი რაოდენობის თანამებრძოლების აქცია, იქ პერმანენტული აქციები იქნება.

რუსთავის ციხესთან დაიწყება დღეს აქცია და არ დასრულდება, ვიდრე მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. პირველ რიგში მოკლე ვადაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მოვახერხოთ მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, როდესაც სუს-ი, პროკურატურა, ძველი ბიჭი, კრიმინალი ებრძვის ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ თავისუფლება შეზღუდული, გავათავისუფლებთ, მაგრამ ჩვენ რევანშს არ მოვუწყობთ ამ ადამიანებს, ვინც ახლა გვებრძვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.