პოლიტიკა
ცესკო: ბიულეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, გადათვლის ცენტრებში 201 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, – როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

დღეს ვიხილეთ, თუ რაოდენ მაღალი იყო გადათვლის მიმართ საზოგადოების ინტერესი. უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობა კი ასევე მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას.

საარჩევნო ადმინისტრაციას, საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება. თუმცა, ცესკო-თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს 7-7 საუბნო საარჩევნო კომისია, შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ ჯამში 201 უბნის მონაცემი გადავითვალეთ. აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი წინასწარი შედეგების სიზუსტეს. საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა უკვე პირველი ტურის შემდგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას და ზოგადად საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს ხვალ, 2 ნოემბერს წარმოგიდგენთ“,- განაცხადეს ცესკო-ში.