პოლიტიკა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს აქციაზე მისვლისკენ. მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და ეს იქიდანაც ჩანს, რომ მიმდინარეობს კრების აქტივისტებისა და მხარდამჭერების ღია ტერორი. ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აქტივისტებმა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაც მოახდინონ, რადგან ხელისუფლება, რომელიც არაკონსტიტუციურად იქცევა, ადეკვატურ პასუხს იმსახურებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღევანდელი აქციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 15:00 საათის შემდეგ, როდესაც აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, იქნება რამდენიმე გამოსვლა, მიმართვები საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე მოქალაქეებისადმი, მაგრამ ეს არ იქნება რამდენიმესაათიანი მიტინგი.