„სახალხო კრების“ განცხადება სახელმწიფო მოხელეებისთვის
„სახალხო კრებამ“ დილიდან სახელმწიფო მოხელეებისთვის განცხადება გაავრცელა: „დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაში თითოეული ადამიანის სწორ გადაწყვეტილებაზე ძალზე ბევრია დამოკიდებული. პირდაპირი დემოკრატია, რომლისკენაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, ქვეყნის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული უამრავი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში რეალურ ვითარებას აცნობიერებს. ამის მიუხედავად, ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას პატიოსნად განაგრძნობენ, თვლიან რა, რომ ქვეყანას ემსახურებიან და არა სააკაშვილის რეჟიმს. მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, სპეციალისტს, პროფესიონალს, ექსპერტს, რომლებზეც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა და ბედია დამოკიდებული, სახელმწიფო მოხელეებს – შემოგვიერთდით! საკუთარი ხალხის გვერდით დადექით! ჩვენი პრინციპია, ყველა პროფესიონალი და პატრიოტი საქართველოს სამსახურში დარჩეს, მისი პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. მხოლოდ დანაშაულში ჩართულ მოხელეებს უნდა მოეთხოვოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისათვის. საქართველოში სახელმწიფო მოხელეთა შერჩევა მონურ ერთგულებაზე ან პარტიულ კუთვნილებაზე აღარასოდეს უნდა იყოს დამოკიდებული. მომავალი ხელისუფლებისათვის ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი, პატიოსნება და სამშობლოს სამსახური უნდა გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი უმეტესობა ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“.