საზოგადოება
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი: ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისთვის ნამდვილად სარგებელს მოიტანდა, თუ მოხდებოდა დეპოლარიზაცია, შემცირდებოდა პოლარიზაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა​ ინესე ვაიდერემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინესე ვაიდერემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი არის ერთადერთი პირდაპირ არჩეული ორგანო ევროკავშირში, წარმოადგენს დააახლოებით ხუთას მილიონ ევროპელ მოქალაქეს და მისი მიზანია დემოკრატიის განმტკიცება მთელ მსოფლიოში.

„ჩვენი დელეგაცია ამჟამად შედის ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში და ჩემი ევროპარლამენტარი კოლეგები არიან ამ სადამკვირვებლო მისიის მონაწილეები. ევროპარლამენტმა მეორე ტურში საარჩევნო დაკვირვებაზე განათავსა თავისი წარმომადგენლები. ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მონიტორინგისთვის ამ მნიშვნელოვან არჩევნებზე. ევროპარლამენტის საარჩევნო დელეგაცია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებსა და მოსაზრებებს. ანგარიშში მოცემული იქნება ჩვენი დასკვნები უკვე სრულყოფილად. ჩვენი დასკვნები შეეხება კამპანიასაც, თვითონ წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს“, – განაცხადა ინესე ვაიდერემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობა მეორე ტურში კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს, მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება.

„როგორც უკვე შეინიშნა, პირველი ტურის დროს წინასაარჩევნო კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ იყო კონკურენტული, ის არ იძლეოდა ერთიან თანასწორ შესაძლებლობებს სხვადასხვა მხარისთვის, ხელმისაწვდომობის კამპანიის ფინანსებზე, ხელმისაწვდომობის დანახარჯების თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული. ჩვენ ასევე ვნახეთ უამრავი ქალის მყარი გადაწყვეტილება, ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესის კარგად ჩატარებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ქალებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იმუშავეს საარჩევნო უბნებზე“, – აღნიშნა ინესე ვაიდერემ.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დაფიქსირებულ საჩივრებზე.

„მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, დაშინებასთან, ასევე წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად ოპოზიციის მიმართ.

არჩევნების დღეს ერთ-ერთი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ვაკვირდებოდით თბილისში. აქ არ იყო დიდი დარღვევები, რამდენიმე გართულება, ერთი-ორის გარდა. ყოველთვის არ იყო საკმარისად მოცულობითი უბნები, ადგილი არ იყო იმდენი, რომ დაცული ყოფილიყო კოვიდრეგულაციები და იმედი მაქვს, კოვიდვითარება არ მოახდენს გავლენას თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე. დისტანცირება აუცილებელია“, – განაცხადა ინესე ვაიდერემ.

მისივე თქმით, ინციდენტები დაფიქსირდა ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან.

„ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობები საარჩევნო უბნების მახლობლად. ვიცით, რომ საქართველოს მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას. ასევე, მოგვახსენეს მოსყიდვის ფაქტების შესახებაც. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც ჩვენ გვითხრეს, ვერ გადმოვიდნენ აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით, რის შედეგადაც მათ ფაქტობრივად ჩამოერთვათ არჩევანის განხორციელების უფლება“, – აღნიშნა ინესე ვაიდერემ.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ნომერ პირველი პარტნიორია ევროკავშირისთვის და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადი უნდა იყოს.

„ჩვენ გადამწყვეტი სურვილით მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან საქართველო არის ნომერ პირველი უმაღლეს პარტნიორებში ევროკავშირისთვის. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს უნდა იყოს შეუქცევადი. ეს უკან არ უნდა შებრუნდეს. ამავე დროს, თქვენს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისთვის ნამდვილად სარგებელს მოიტანდა, თუ მოხდებოდა დეპოლარიზაცია, შემცირდებოდა პოლარიზაცია. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე. ეკონომიკური ძალაუფლება ჯერ კიდევ გარკვეული პირების ხელშია კონცენტრირებული. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისადმი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისადმი“, – განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.