საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ჩემი მოსაზრებით, როდესაც გართმევენ დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - არჩევნებს, ყველანაირი პროტესტი არის გამოსაყენებელი და ლეგიტიმური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, დემონსტრაცია და პროტესტი არ არის კონკრეტული ადამიანების ამოცანა და „ეს ყველა იმ ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სჭირდება”.
“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება სხვადასხვა ხერხებით, არ ვფიქრობ, რომ სასამართლო ყველაზე ეფექტური ხერხია, მაგრამ ეს რესურსიც ბოლომდე უნდა ამოვწუროთ. მათ შორის უნდა იყოს დემონსტრაცია და პროტესტი, ეს არ არის კონკრეტული ადამიანების ამოცანა, ეს ყველა იმ ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სჭირდება. კონკრეტულ გეგმებზე დღეს იქნება საუბარი, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, როდესაც გართმევენ დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - არჩევნებს, ყველანაირი პროტესტი არის გამოსაყენებელი და ლეგიტიმური”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ.