პოლიტიკა
ჩერქეზთა გენოციდის საკითხი პარლამენტში

parlamentis-sxdomaXXპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 20 მაისს 95 ხმით „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი მიიღო.

„საკითხი როგორც ისტორიული და პოლიტიკური, ასევე, საერთაშორისო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სათავეს ვუდებთ სრულიად ახალი ურთიერთობების კონსტრუირებას ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის, რაც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, საქმე ეხება საქართველოს როგორც რეგიონული ლიდერის როლისა და ფუნქციის განსაზღვრას.

„საქართველო და თბილისი ყოველთვის იყო როგორც ინტელექტუალური, ისე პოლიტიკური ცენტრი კავკასიის რეგიონში. ჩვენ შევძლებთ, საქართველოს დავუბრუნოთ ლიდერის ფუნქცია რეგიონში. ახლა არის დიდი კავკასიური სოლიდარობისა და კონსენსუსის მომენტი და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ახალ პოლიტიკურ საწყისს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელ გურამ ჩახვაძის შეფასებით, იძულებით გადაადგილებულ ჩერქეზთა შთამომავლები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში და სასიხარულოა, რომ ამაში მოკრძალებული წვლილი საქართველოსაც ექნება. „საქართველო, ამ ისტორული დანაშაულის მიმართ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გულგრილი არ უნდა იყოს“, – განაცხადა გურამ ჩახვაძემ ჩერქეზთა გენოციდის საკითხის განხილვისას.

დიმიტრი ლორთქიფანიის განცხადებით, საქართველო დღეს ობოლი ერი აღარ არის, რადგან ჩერქეზებისა და ქართველების შვილები ერთიანი კავკასიის აღსადგენად ერთად იზრუნებენ. „დღევანდელი დღე ნიშნავს, რომ საქართველი არა მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოა, არამედ სუვერენული ნების გამოხატვაც შეუძლია“, –  განაცხადა ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, გაუგებარია, რომ მაშინ, როდესაც რუსული იმპერიის ზრახვები განხორციელდა და ჩერქეზების ტერიტორიაზე რუსეთმა მთლიანად წაშალა ისტორიული და კულტურული კვალი, რატომ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს ენა და რატომ უნდა ეყოს კეთილგონიერება, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასწორზე დადოს.

„დიახ, დღევანდელი რუსეთი არის სამართალმემკვიდრე ცარიზმისა და რუსეთის იმპერიისა,   ქართველები იმიტომ არიან ქართველები, რომ ხმამაღლა უნდა აღიარონ ჩერქეზი ძმების დიდი ტრაგედია“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი ჩერქეზთა გენოციდის საკითხის განხილვისას,  რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულ გენოციდზე ჩერქეზების დამოკიდებულებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ბაღათურიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ  შესაძლოა,  ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ სომხების გულისწყრომა გამოიწვიოს, რადგან მათ გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს ჩერქეზებზე ადრე მიმართეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ეს არის ქართველი ხალხის პასუხისმგებლობა და ვალი მოძმე ერის წინაშე, რომ პირველმა გადადგას ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.

„დღეს არის ისტორიული დღე, დღევანდელმა დღემ გამიჩინა ერთი შეგრძნება და შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ჩერქეზი!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი პლენარულ სხდომაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას.

ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე საქართველოში წელიწადზე მეტია, მუშაობენ. პარლამენტის რეზოლუციის პროექტის შემუშავებას წინ უძღოდა სამეცნიერო საზოგადოების დასკვნა, რომელშიც მეცნიერულ-ისტორიულად არის დადასტურებული XVIII-XIX საუკუნეებში ჩერქეზთა გენოციდი.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის თანახმად, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება მოხდება.

„აღიარებულ იქნეს რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა ისტორიული სამშობლოდან გენოციდის აქტად, თანახმად „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ“ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის IV კონვენციისა და „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯის შესახებ“ გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციისა. ასევე, აღიარებულ იქნენ ლტოლვილებად რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ სამშობლოდან იძულებით დეპორტირებული ჩერქეზები, თანახმად „კონვენციისა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციისა“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.