საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. სრული აბსურდი და ბოდვა, – ასე ეხმაურება კომპანია „იფსოსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბენ ფეიჯი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ კორუფციული გარიგების შესახებ ბრალდებებს.
„იფსოსის“ აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „იფსოსის“ საფრანგეთის ბიურო კორუფციულ საქმიანობაში ჩაერთო და მიმდინარე თვის დასაწყისში კახა კალაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და კომპანია „იფსოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები ზუგდიდში მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა, რის შემდეგაც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ „იფსოსთან“ დაკავშირებით პოზიცია „ფეისბუქზე“ გაავრცელა. ნიკა გვარამიამ „იფსოსი“ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ წყვეტს პარტნიორობას კომპანიასთან.