საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რის გამოც სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება – უარი მკურნალობაზე ანალიზებზე, მაჩვენებლებზე და ასე შემდეგ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მოგვეცა კომუნიკაციის შესაძლებლობა ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა ჩვენ შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება – უარი მკურნალობაზე ანალიზებზე, მაჩვენებლებზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან.
„ასევე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ. მოიხადა ბოდიში მათთან, ვინაიდან საკუთარი პროტესტის დამძიმებიდან გამომდინარე, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა. ახლა ვინაიდან ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან, რომელთა მიმართაც აქვს ნდობა და პატივისცემა. ბარიერი ფიზიკურად იქ არის, თუმცა დატოვებულია სივრცე, რათა შევძლოთ წერილების გაცვლა-გამოცვლა“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინა დღეს განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე უარს აცხადებდა იქამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღუდგებოდა.
„დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.