სამართალი
სოხუმმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეზღუდა

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ სოხუმმა ყველას, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირების გარდა, 28-30 ოქტომბრის ჩათვლით „უკანონოდ“ შეუზღუდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება.

ამავე ინფორმაციით, „მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით თბილისმა „ცხელი ხაზი“ გაააქტიურა და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა“.

ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ ხაზზე მდებარე ერთადერთი გადასასვლელია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ მანამდე კორონავირუსის პანდემიის შიშით დაახლოებით ერთი წლით ჩაკეტა. გადასასვლელი ივლისში გაიხსნა.

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, დაახლოებით, 30 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ისინი რაიონის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ.