აქტუალური
ნიკა გვარამია: განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას ულიცენზიო დაწესებულებაში

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. განიხილავენ ულიცენზიო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანას. ამ დაწესებულებაში არ არსებობენ კომპეტენტური პირები, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ დაწესებულებაში, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ, არ არსებობს შესაბამისი მომსახურება, პერსონალი თუ აპარატი.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ პატიმრები, რაც საფრთხეს წარმოადგენს უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის.

ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეყვანა მილევად რეჟიმში და ყოფილიყო მინიმალური პირველადი დახმარების წყარო. ამის გამო მან, 2019 წლის ნოემბერში, გააუქმა ქირურგიის, ანესთეზიის, რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება. რეორგანიზაცია დასრულდა 2020 წლის 10 აპრილს. ციხის მე-18 დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება, რომლის მთავარ ექიმად ორი დღის უკან დაინიშნა მანანა ელექტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ ორი ქირურგი, მათ შორის ერთი ქირურგი, კოტე ჭანტურიაა, რომელიც სასჯელს იხდიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვის გატაცებაზე და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის „ოცნების“ კოორდინატორი. მე ვსაუბრობ ქირურგზე, რომელიც იქ იმყოფება, ყოფილი პატიმარია და აქვს პირადი ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან. ასევე ციხის საავადმყოფოში ამ დროისთვის არის ორი თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, ერთი ვენეროლოგი, ოთხი ექთანი მიმღებში და რენტგენს იღებს ლაბორატორანტი პორტატიული აპარატით. ასევე არის ორი ექიმი ფსიქიატრი.

სასწრაფო წესით ხდება კლინიკაში ფუნქციური საწოლების და პორტატიული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე. ამას გარდა, ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ, ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში კომპეტენტური პირები, რომ შეიტანონ ეს აპარატურა, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის. დღეს კლინიკა „ვივა-მედმა“ დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან ორი წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 2000-მდე პატიმარი მკურნალობს „ვივა-მედში“, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებიც. კლინიკაში, როგორც გითხარით, არის ორი ფსიქიატრი, არის 40-ზე მეტი ფსიქიურად დაავადებული პატიმარი, აქედან უმრავლესობა, დაახლოებით ¾ გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები, მიდრეკილი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ. ფსიქიატრიული პატიმრებისთვის სამკურნალოდ აქ არავითარი პირობა არ არსებობს და ისინი წარმოადგენენ საშიშროებას გარე სამყაროსთვის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.