აქტუალური
თიანეთის მერი პრემიერ-მინისტრს ეწინააღმდეგება

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 24 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა თიანეთის მერობის კანდიდატსა და მოქმედ მერს, თამაზ მეჭიაურს, რომ გზა ქართული ოცნების ახალგზარდა კანდიდატს, ლევან წიკლაურს დაუთმოს და „ნაციონალების წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს“.

საპასუხოდ მეჭიაურმა განაცხადა, რომ მხოლოდ „არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი“, თუ „ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი“. „სჯობს, წავაგოთ ღირსეულად, ვიდრე ასეთი გზით გავიდეთ თამაშიდან“, – დასძინა მანვე.

მეჭიაურის თქმით, პრემიერის განცხადება, თითქოს ადგილზე „რამე საბოტაჟს“ და „მუდმივ დაძაბულობას“ ჰქონდა ადგილი, „აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“.

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი და ოზურგეთი იმის მაგალითებად დაასახელა, თუ როგორ ვერ ხერხდებოდა კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მხოლოდ იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტებს ოპოზიციონერი მერები ჰყავდათ.

მეჭიაურმა ასევე აღნიშნა, რომ იგი სამ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ „ნაყოფიერად“ თანამშრომლობდა და იმედი ჰქონდა, რომ „ყველაზე უკეთესად“ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან, ითანამშრომლებდა.

„[მაგრამ] მისმა განცხადებებმა ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა“, – განაცხადა მან.

თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების ყოფილი წევრია, რომელმაც მმართველი გუნდიდან წასვლის შემდეგ ახალი პარტია – ერთიანი საქართველოსთვის შექმნა.