საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. არც ფოტიგა, არც კუბილიუსი, არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის, მათ შორის ანა ფოტიგას წერილზე, სადაც საუბარია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.
„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი, არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. ევროპარლამენტში არის შვიდასი დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით, ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. მინდა, თქვენ მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს შევახსენო, მათ პირადი ნაცნობობა, მეგობრობა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან, აღარ მინდა გავაგრძელო. ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუკსმანი, არის ეკა ზღულაძის მეუღლე. მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე და სააკაშვილის მრჩეველი იყო, ჩართული იყო მთელ ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი, რომელიც მთელი პერიოდი იყო აქ, როცა ტერორი მძვინვარებდა ქვეყანაში, ძალადობა და უბედურება, ადამიანების გაუპატიურება ციხეებში, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს. ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან. სააკაშვილს დღეს პროკურატურამ წაუყენა ახალი ბრალი. კაცი, რომელიც ჩამოვიდა, თავის ჭკუით, თითქოს რაღაც შეწირულისა და თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად, ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი, რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ცხრა წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ღია, დეკლარირებული კანონდარღვევა საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენე, მათ შორის რამდენიმე ევროპარლამენტარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.