საზოგადოება
23 მაისიდან – პირველი გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით

gamocdebi--2011გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყება.

საკუთარი სკოლა ყველა მოსწავლეს უზრუნველყოფს მოსაწვევით, რომელზეც მითითებულია რვავე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. მოსწავლე მითითებულ დღესა და საათზე უნდა გამოცხადდეს შესაბამის სკოლაში და გაიაროს რეგისტრაცია. მან თან უნდა იქონიოს მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. დასაშვებია მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთებისა და პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა. რეგისტრაციისა და საგამოცდო სექტორში შესვლის შემდეგ მოსწავლე იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.

მონიტორთან ურთიერთობას და სატესტო დავალებების შესრულებას მოსწავლე იწყებს მეთვალყურის მითითებების მიხედვით, გამოცდის დასრულების შემდგომ – ტოვებს საგამოცდო სექტორს.

– მოსწავლეები, რომლებიც რწმენისა და აღმსარებლობის გამო ვერ შეძლებენ 28 მაისს გამოცდაზე გამოცხადებას, ფიზიკის გამოცდას 29 მაისს ჩააბარებენ.

– მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.

– მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან GHSEP/FLEX-ის პროგრამებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.