სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: „კანონის უზენაესობის ინდექსით“ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნების ხუთეულში, ხოლო მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 50 ქვეყანას შორისაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ინდექსი კანონის უზენაესობის მხრივ ვითარებას 44 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 139 ქვეყანაში აფასებს.

„კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება – ჩამოთვლილ კატეგორიებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე გავიდა.

44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდექსი. აქაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი, ევროპის საუკეთესო ათეულში მეცხრე, მსოფლიოში კი მე-14 პოზიციაზეა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კატეგორიას: „კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი“ – საქართველო მსოფლიოში 31-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციას იკავებს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა.