საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ელგუჯა ცომაიას დახმარებით შემოვიდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ მიზეზით მას ბრალი დაუმძიმდა.
პროკურატურამ დაადასტურა, რომ სააკაშვილი საქართველოში არა 1 ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.
გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშილი საქართველოში უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან სატვირთო გემ "ვილნიუსს" წამოჰყვა და ფოთში ამ გზით შემოვიდა. გემი საქართველოში 28 სექტემბერს, 23:00 საათზე შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 2 საათში, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ელგუჯა ცომაიას კუთვნილი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელშიც იყო რძის პროდუქტი.
პროკურატურის ინფორმაციით, 01:47 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.
"ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი... მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო ორგანო საათების მიხედვით ასაჯაროებს სააკაშვილის საქართველოში გადაადგილების მარშრუტს, რომელსაც გამოძიება ეყრდნობა:
“ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით;
02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ელგუჯა ცომაიამ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე;
03:13 საათზე ელგუჯა ცომაია ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შალვა და ზურაბ წოწორიები და წავიდნენ აბაშის მიმართულებით;
იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში;
29 სექტემბერს, დღის საათებში, ელგუჯა ცომაია დაუკავშირდა მის მეგობარ გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება;
გიორგი ნარიმანიძე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა;
18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის FORD-ის ფირმის TRANSIT-ის მოდელის მიკროავტობუსით აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში;
29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ SCANIA-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გიორგი ნარიმანიძე და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით;
ეს პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25 - 04:30 საათზე მივიდნენ. ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაიას, რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გიორგი ნარიმანიძემ გააგრძელა გზა;
დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე.
სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
ამ გარემოების გათვალისწინებით პროკურატურამ ელგუჯა ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების მუხლით დაუმძიმა”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
რადიო თავისუფლება