საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი; ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვიწევს უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ველაპარაკებით მთელს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძეც, ბუნებრივია, როგორც თბილისის მერი და მომავალი მერი, ასევე ესაუბრება ყველა ამომრჩეველს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბროთ, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებს, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან არასწორ გზაზე და შეცდომაში არიან შეყვანილი. ამიტომ, მეტი აქტიური კომუნიკაცია და მეტი საუბარია მათთან საჭირო იმისთვის, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ მაინტერესებს, გარდა ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქმისა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.